
"ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აშშ-ის ჰელსინკის კომისიაც განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროპული გზის თვითსაბოტაჟია.
"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა.
ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ "ქართული ოცნება" კვლავ მიდის ამ გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" იქნება, ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა "რუსული კანონი" უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.
ასევე ნახეთ: