
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მან საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შესაძლოა ძირი გამოუთხაროს.
"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - ამბობს ლანდსბერგისი.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" იქნება, ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა "რუსული კანონი" უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.
ასევე ნახეთ: