სინანულით ვუყურებთ, რომ საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კვლავ ხდება მისი განხილვა | ჰოფმანი "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ," - ასე ეხმაურება გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი, "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებას.

"ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება...ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია," - ამბობს ჰოფმანი.

როგორც DW წერს, სავარაუდოდ, 12 აპრილს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი უმასპინძლებს და მხარეები ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. DW-ს თქმით, დიდი ალბათობით განხილვის თემა "რუსული კანონიც" იქნება.

რა ხდება:

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" იქნება, ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა "რუსული კანონი" უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი