
5 აპრილს, პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე მუსლიმ თემს მსახურების უფლება ისევ არ მიეცათ. ადიგენში კვლავ პოლიციის მობილიზაცია გახდა საჭირო.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს 8 ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით ეხმაურება. მესამე სექტორის შეფასებით, მუსლიმი თემის უფლებები ირღვევა და სახეზეა დისკრიმინაციული მიდგომები.
მათი თქმით, სახელმწიფომ და პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ისინი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფომ რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები უნდა დაიცვას.
"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდბურესი შეშფოთება და ბრაზი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ადიგენში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, აღმოჩნდა სრულიად უუნარო, რომ დაერეგულირებინა კონფლიქტი და არ მიეყვანა ესკალაციის ფაზამდე. სახელმწიფო არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ მიდგომებს არ იყენებს იმისთვის, რომ სიტუაცია დაარეგულიროს," - აცხადებს თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე - იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერდა, ადგილზე ვითარება დაძაბული იყო. მისი თქმით, მუსლიმებს ხელს უშლიდნენ ლოცვაში.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი