
მორიგი საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში - უნგრეთის დედაქალაქის ცენტრში ათი ათასობის ადამიანი ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. "ჩვენ არ გვეშინია"; "გადადგეს ორბანი" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
დემონსტრაციას უნგრეთის მმართველი პარტიის Fidesz-ის ყოფილი წევრი, პეტერ მაგიარი ხელმძღვანელობდა. ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს.
პროტესტი კი უნგრეთში სწორედ პეტერ მაგიარი ს მიერ, აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. ერთ დროს ორბანთან დაახლოებულმა და ამჟამად მის ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკოსმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა .
მაგიარი მის მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერში ყოფილ მეუღლეს, იუდით ვარგას ესაუბრება. ისინი გახმაურებულ, ე.წ ვიოლნერ-შადლის კორუფციის საქმეზე ლაპარაკობენ. იუდით ვარგა პრემიერ ორბანის ადმინისტრაციის უფროსს ანტალ როგანს ახსენებს, რომელსაც მისი თქმით, წვდომა ჰქონდა ე.წ. ვიოლნერ-შადლის კორუფციული საქმის მასალებთან და გამოძიებას ურჩევდა რა მტკიცებულებები უნდა ამოეღოთ და რა უნდა დაეტოვებინათ.
ჩანაწერი 2023 წლის იანვრით თარიღდება. პეტერ მაგიარას თქმით ის თავის ყოფილ ცოლს ურჩევდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა იუდით ვარგამ მას უთხრა, რომ ეს მაფიოზური მთავრობაა და მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ეს კონკრეტული ფრაზა, როგორც თავად მაგიარი ამბობს, ამ ჩანაწერში არ ისმის. საუბრის გასაჯაროების შემდეგ, ყოფილმა ცოლმა პოლიტიკოსი პეტერ მაგიარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ჩანაწერს კი ფაბრიკაცია უწოდა.
იუდით ვარგა, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი იყო, მას თანამდებობიდან გადადგომა მაინც მოუწია რამდენიმე თვეში, თუმცა არა ამ ჩანაწერის გამო. მიზეზი ის სკანდალი იყო, რომელშიც პრეზიდენტი გაეხვა. კატალინ ნოვაკმა პედოფილიაში მსჯავრდებული შეიწყალა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოყვა უნგრეთში.
რაც შეეხება ვიოლნერ-შადლის კორუფციულ საქმეს. დიორდ შადლი უნგრეთის აღმასრულებელი სასამართლო კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარეა. პალ ვიოლნერი კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მათ წინააღმდეგ საქმე კორუფციის ბრალდებით აღიძრა. ამ კორუფციულ სქემასთან აკავშირებენ პრემიერ ორბანის ადმინისტრაციის უფროსის ანტალ როგანის სახელსაც. სწორედ ელიტური კორუფცია გახდა მიზეზი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
პეტერ მაგიარის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის შემდეგ კორუფციული დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის ყოფილი მინისტრიც გამოკითხეს. რა უთხრა იუდით ვარგამ გამოძებას, დეტალები უცნობია.