პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" რუსული კანონი დაარეგისტრირა | განხილვა 12 აპრილიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი ხელახლა წარადგინა და დაარეგისტრირა. კანონპროექტს პარასკევს, 12 აპრილს, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ბიუროს სხდომა პარლამენტს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტიც, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიცირებული. 

"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

მეორე ალტერნატივა - “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

რუსული კანონი

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე, სამივე მოსმენით იქნება მიღებული. 

მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა "რუსული კანონი" უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა- "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის," - თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი