ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნების" ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია.

"ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და მეორედ დააინიცირა "რუსული კანონი", რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი სენატორების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი