ელექტრონული "ოდრ"-ები - სუს-ი საჯარო დაწესებულებების ტოტალურ კონტროლს იწყებს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯარო დაწესებულებების ტოტალურ კონტროლს იწყებს. პარლამენტმა  უსაფრთხოების სასამხურს ნება დართო, ყველა საჯარო სამსახურში დაამონტაჟოს შიდა ქსელის სენსორი და 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს ცეკსოს, პარლამენტის, მერიისა თუ სხვა დაწესებულებების კომპიუტერული ქსელები.  

ე.წ  ელექტრონული "ოდრ"-ების საშუალებით გაიშიფრება უწყებებში დასაქმებული ადამიანების მიმოწერა და სერვერებზე დაცული დოკუმენტები. მსგავს მოწყობილობებს სუს-ი ინტერნეტ პროვაიდერებშიც დაამონტაჟებს და კონტროლზე აიყვანს ინტერნეტში ჩართულ მოსახლეობას.  "ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები ფორსირებულ რეჟიმში, წინასაარჩევნოდ მიიღო. 

პოლიტიკოსების შეფასებით, მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ცვლილებების კიბერუსაფრთხოების მიზეზით გამართლება.

ცხადია, რომ სუს-ი არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელში და პოლიტიკური ბრძოლის, უსამართლობის კეთების, დანაშაულისთვის ხელის დაფარების ინსტრუმენტი. არ არის გასაკვირი, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ყველანაირი რესურსის გამოყენებას ცდილობს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ვერტიკალს სურდა წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი აემოქმედებინა საჯარო სამსახურში დასაქმებულების წინააღმდეგ, - აღნიშნავს დეკანოიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ სუს-ი საკუთარ შეუზღუდავ უფლებებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

ამას უნდა იცავდეს გარე ან პარლამენტის კონტროლი. გარე კონტროლი არ არის ისეთი ძლიერი, რაც ამ სისტემის სანდოობას აყენებს ეჭვქვეშ და პარლამენტის კონტროლი არის უსუსტესი, - განმარტავს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ კანონი უკვე ძალაშია და შესაბამისად, სად და როდის დააყენებს ელექტრონულ ოდეერებს სუს-ი, ეს უკვე ლილუაშვილის უწყების გადასაწყვეტია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი