
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილ "თავდაცვის მინისტრი", ამჟამად პატიმრობაში მყოფი იგორ გირკინი (სტრელკოვი) უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნას ითხოვს.
მედიის ცნობით, ამჟამად ის მასზე დაკისრებული სასჯელის გასაჩივრებას ცდილობს. მისი ადვოკატის, იგორ მოლოხოვის, განცხადებით, მიმართვას თან ახლდა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ დონბასში რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თანხმობა, მიეღო გირკინი ოცეულის მეთაურად. ამ დოკუმენტის არსებობას ადასტურებ მისი ცოლი მიროსლავა რეგინსკაიაც და აღნიშნავს, რომ არმიაში ის ჯერ კიდევ იანვარში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერს, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" იგორ გირკინს [სტრელკოვი] 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი დახურული იყო იმის მიუხედავად, რომ სტრელკოვიც და მისი უფლებადამცველიც მოითხოვდნენ მედიის დასწრებას.
იგორ გირკინი (სტრელკოვი), გასული წლის 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა.
ცნობისთვის, გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც. ის რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის შემდეგ კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა.