
პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ 2 ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რუსული კანონის) კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ გაიზიარა.
"პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.
ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინეს, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.
9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა.
ამიტომ, კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე, ზვიად გაბისონია ამბობს, კანონმდებლობის მიხედვით, კომისიას აქვს 7 დღე იმისთვის, რომ იმსჯელოს და შესაბამისი კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს.
ასევე ნახეთ: