აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ისრაელს მათი მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ. მისი თქმით, აშშ-მა უპრეცედენტო თავდასხმამდე, რეგიონში დრონები და ხომალდები გადაიტანა.
"ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა," - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე ვალდებულება.
"კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის რკინისებრი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაეცვა თავი და დაეძლია უპრეცედენტო თავდასხმები და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ არ შეუძლიათ ეფექტურად დაემუქრნენ ისრაელის უსაფრთხოებას," - თქვა ბაიდენმა.
ის თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა განიხილა. თეთრი სახლის ცნობით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის შესათანხმებლად ბაიდენი დღეს "დიდი შვიდეულის" ლიდერებსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.