საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს.
აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს!"; "მონებო", გაშალეს ევროკავშირის დროშა.
"ყველაფერი რაც აქ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ეშინია, დილით, ვიდრე მოვიდოდი აქ, ვნახე, რომ სუს-ის შენობის ეზოში სპეცრაზმია სავსე, მობილიზებულია ასობით პოლიციელი. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომ ტელემედიის გარდა პარლამენტის შენობაში ვერავინ შევიდოდა, საქმე რაშია, პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ, მაშინ როცა პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა ახდენდეს, რომ შიგნით გვიშვებდეს და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ აპრიორი ეშინიათ, მხდალები არიან, შიგნით არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით", - ამბობს "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ: