[რუსული] კანონი შეიცავს ინვესტორების მიმართ სტერეოტიპების გამყარების რისკს...უკვე მივიღეთ არაერთი უარყოფითი გამოხმაურება | EBA-ს მიმართვა პაპუაშვილს  

გამოქვეყნდა:

ევროპული ბიზნეს ასოციაცია რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს.

ასოციაცია ამბობს, რომ მათ უკვე მიიღეს არაერთი უარყოფითი გამოხმაურება ევროპელი პარტნიორებისა და უცხოელი ინვესტორებისგან და მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომ სასწრაფოდ უკან გაიწვიონ კანონი. 

"პატივცემულო სპიკერო, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორთა საბჭოს სახელით ვეხმიანებით კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," რომელიც ამჟამად განიხილება.

ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვაკუთხედი საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. თუმცა, არსებული წინადადება (კანონპროექტი) პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს - ინვესტიციები კი განუყოფელი კომპონენტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

როგორც უმსხვილესი ევროპული ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ჩვენ უკვე მივიღეთ არაერთი უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და უცხოელი ინვესტორებისგან. გამჭვირვალობის ხელშეწყობის ნაცვლად, კანონპროექტი აუარესებს ქვეყნის რეპუტაციას და უსამართლოდ გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უგულებელყოფს მმართველობისა და ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას.

ჩვენი მთავარი შეშფოთების საგანია პოტენციურ ნეგატიურ შედეგები, რაც დაემუქრება სასიცოცხლოდ აუცილებელ უცხოური დახმარების ინიციატივებსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში.

როდესაც ყველა ამ ინიციატივას და ძალისხმევას ნათლავ „უცხო ძალის ინტერესებად“, ეს ძირს უთხრის მათ ლეგიტიმაციას და აყენებს მათ დახურვის საფრთხის წინაშე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს განვითარებას და დემოკრატიულ პროგრესს. არსებითი უარყოფითი შედეგების და მისი შეუსაბამობის გათვალისწინებით ევროკავშირის ღირებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებთან, გთხოვთ, სასწრაფოდ გადახედოთ და გაიტანოთ შემოთავაზებული კანონპროექტი.

პატივისცემით, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ევროპული ბიზნეს ასოციაცია", - წერია განცხადებაში, რომელსაც BMG.GE ავრცელებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი