სროლა და დაჭრა ტაბიძის ქუჩაზე | "შაბათის მთავარმა" კრიმინალური გარჩევის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარის"  მოპოვებული ვიდეომასალა ტაბიძის ქუჩაზე მომხდარს სრული სიზუსტით აღწერს. 17 აპრილს გადაღებული კადრები რამდენიმესაათიანია, თუმცა საინტერესო მომენტი 12 საათსა და 56 წუთზე იწყება. 

ტაბიძის 110 ნომერთან ნიღბიანი პირი,  დღის პირველ საათზე ჩნდება  და უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით სროლას  იმ ავტომობილის მიმართულებით იწყებს, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე მანამდე  რამდენიმე წუთი  იყო გაჩერებული.  ნიღბიანი შავი ფერის "ტოიოტას" მარკის ავტომობილის  მისამართით რამდენჯერმე ისვრის და  ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობს.

მასალის მიხედვით  გაქცეულს შავი "ჯიპის" წინ გაჩერებული ავტომობილიდან დაედევნენ. კადრებში  ჩანს, რომ  სროლა ამ დროს უკვე ორმხრივია.  თავდამსხმელს  გაკიდებული პირი  უკან  რამდენიმე წამში ბრუნდება და შავ ჯიპში  მყოფების  მდგომარეობით  ინტერესდება. ამ დროს ჯიპიდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი  უკვე  გადმოსულია  და  მანქანის სიახლოვეს  საეჭვოდ გადაადგილდება. 

მალევე  ჩანს, რომ ეს ახალგაზრდა მიწაზე ეცემა,  გამვლელები კი მის დახმარება ცდილობენ. მალე ადგილზე სასწრაფო დახმარების  ავტომობილი ჩნდება.  კადრებში  კარგად  ჩანს, რომ  შემთხვევისას ორი  პირი   დაიჭრა. 

უკვე ცნობილია  მომხდარის  მთავარი ფიგურანტების ვინაობა. თავდამსხმელი  სერგი ქურთიაშვილია,  პირი კი,  რომელსაც  მან ცეცხლი გაუხსნა,  ძმები კაკულიების  ბიძაშვილი  გიორგი რუხაძეა.  დაჭრილია, რუხაძის პირადი მცველიც.

თვითმხილველების ვარაუდით,  ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. ადგილობრივები  არ გამორიცხავენ რომ ნიღბიანმა  პირმა ავტომობილში მსხდომებს,  ჩასაფრება მოუწყო. თვითმხილველების მონათხრობით, დგინდება  რომ ნიღბიანმა, რომელიც  უკვე დადგენილია რომ სერგი ქურთიაშვილია,  რუხაძის მანქანას, რამდენიმე წუთი უთვალთვალებდა, შემდეგ კი  მოულოდნელად  ჯერ კაკულიების  ბიძაშვილს ესროლა, შემდეგ კი მისი დაცვის წევრს.

ქურთიაშვილს საპასუხო  ცეცხლი  ვასილ როსტევანიშვილმა  გაუხსნა. მან არ იცოდა  რომ  ტაბიძის ქუჩაზე  გიორგი რუხაძე დაცვის რამდენიმე წევრთან  ერთად იმყოფებოდა.  გაქცეული ქურთიაშვილის შესაჩერებლად,  როსტევანიშვილმა  რამდენჯერმე ისროლა, საიდანაც ერთ-ერთი  თავში გაარტყა.

ვასილ როსტევანიშვილი   ყოფილი პოლიციელია,  წლების განმავლობაში შსს-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.  "მთავარის" ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ  ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. როსტევანიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და  ის პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ  ყოფილი პოლიციელი ტაბიძეზე მომხდარი თავდასხმის დროს  აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

რა იყო ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა  უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ  მომხდარი  ქურთიაშვილსა და  გიორგი რუხაძის  ბიძაშვილებს შორის,  წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. "მთავარი არხის"  არქივში ინახება  კადრები, რომელიც ორი წლის წინ არაყიშვილის  ქუჩაზე მომხდარ  თავდასხმას ასახავს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ დროს  სერგი ქურთიაშვილი ძმებმა კაკულიებმა დაჭრეს. გუგა და დათა კაკულიები ამ საქმეზე უკვე გასამართლებულები არიან და რამდენიმეწლიანი პატიმრობა  აქვთ შეფარდებული.

არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა მხოლოდ  სერგი ქურთიაშვილს,  გიორგი რუხაძესა და  მისი დაცვის თანამშრომელს, კახა გაბრიელაშვილს შეუძლია,   თუმცა სამივე სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით კლინიკაში იმყოფება. ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო მათი დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა. კრიტიკულად მძიმეა  ქურთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მომხდარიდან მალევე თურქეთში გადაიყვანეს. მის  გადარჩენას უცხოელი ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი