"ქართული ოცნების" კონტრაქცია - მმართველი პარტია, 29 აპრილის აქციაზე დედაქალაქში ჩამოსაყვანად მხარდამჭერებს რეგიონებსა და თბილისში მუქარით, შანტაჟითა და მოსყიდვით კრებს. ტრანსპორტი და საკვები იქნება უფასო - ჰპირდებიან აქტივისტებს "ქართული ოცნების" ბოსები. ადგილობრივი პარტიული ლიდერები კი თბილისიდან მიღებული დავალებით იძულებულნი არიან, თითო ოჯახში ორ-ორი მხარდამჭერი იპოვონ და აქციაზე წასვლის მსურველები მეზობლებშიც კი ეძებონ.
და ეს ყველაფერი არის ფაქტები, რომლებსაც თავად "ქართული ოცნების" რეგიონული ლიდერები გვიდასტურებენ. "მთავარი არხის" ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია მთელ სახელისუფლებო რესურსს იყენებს აქციისთვის ხალხის შესაგროვებლად. ადგილობრივ მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეეებს კონკრეტული სიების შედგენა დაევალათ. საჯარო მოხელეებს უფასო საჭმელთან და ტრანსპორტირებასთან ერთად ემუქრებიან კიდეც და პირდაპირ ეუბნებიან, რომ უარი არ მიიღება.