ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შანსი არ აქვს. მათი პროგნოზით, "ოცნების" პროპორციულ საარჩევნო სიაში ისევ ის პოლიტიკოსები მოხვდებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი განსაკუთრებული მორჩილებით გამოირჩევიან.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის და "ოცნების" ყოფილი ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის უმრავლესობით ვეღარ მოვა და ხელისუფლებას დაკარგავს:
შეუძლებელია, ივანიშვილმა მესამე ვადით უმრავლესობა მოიპოვოს. მან კობახიძეზე უკეთ ნამდვილად იცის მათემატიკა, ამიტომაც პოლიტიკური რეალობა მას კარნახობს, რომ გაცილებით უფრო მეტად გაიხედოს "ქართული ოცნების" მიღმა. მას სჭირდება რამდენიმე ადამიანი მთავრობიდან საპარლამენტო სიაში, რომ ეს დეფიციტი შეავსოს. არ აქვს უკვე რესურსი არც არსებულის, არც განახლების, - განმარტავს ბესელია.
"ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ოცეული უკვე შეთანხმებულია და დღეს საღამოს ოფიციალურად გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლისუფლებო პარტიის პირველი ნომერი, მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. სიაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი და ნინო წილოსანიც.