ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისთვის ემზადებიან | ევროდეპუტატების გზავნილები სტრასბურგიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი ორ დღეში მიიღებს - მანამდე კი სტრასბურგში პოლიტიკური დებატები გაიმართება. მთავარი თემა რუსული კანონი და ის ზიანია, რასაც "ქართული ოცნების" ინიციატივა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აყენებს.

ევროდეპუტატების გაფრთხილებები კატეგორიულია - ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიტანონ კანონპროექტი. დეპუტატების თქმით, რუსულმა კანონმა, შესაძლოა, სრულად გადაიყვანოს ევროპული კურსიდან და რასაც მოჰყვება უმძიმესი შედეგები ქვეყნისთვის.

საქართველოს საკითხზე დებატების დაწყებამდე ევროპარლამენტარი იუოზას ოლესკასი ამბობს, რომ ევროპელებს საერთო ღირებულებები აქვთ და თუ საქართველოს ამ ოჯახის წევრობა სურს, ეს ღირებულებები უნდა მიიღოს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველების უმრავლესობას სურს ევროპული გზით სიარული, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა საპირისპიროდ მოქმედებს. მათ უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირში განსხვავებული დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები გვაქვს, ვიდრე რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმს. თუ მათ რუსული სტილი უფრო მოსწონთ, მაშინ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაცია, იმიტომ რომ ეს საპირისპირო გზაა. ჩვენ სწორედ ამაში გვსურს საქართველოს მმართველი პარტიის დარწმუნება.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება ნიშნავს, რომ ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან. თუ თქვენ გინდათ, რომ ოჯახის წევრი გახდეთ, მაშინ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. ასე არ შეიძლება, რომ ერთმა თქვას, მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ და არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთო. ჩვენ უნდა დავსხდეთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენ, ევროპელებს, გვაქვს საერთო ღირებულებები და თუ თქვენ გინდათ, რომ ამ ოჯახის წევრი იყოთ, უნდა მიიღოთ ეს. თუ არა, მაშინ ყველაფერი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა მან. 

რასა იუკნევიჩიენე კი ამბობს, რომ საქართველოში რაც ახლა ხდება, რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებაა. მისივე თქმით, თუ საქართველოში ასეთ კანონებს მიიღებენ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. 

რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის არჩევანის კეთება ევროპიზაციასა და პუტინიზაციას შორის. ცხოვრების ევროპული სტილი ძალიან განსხვავდება კრემლის სტილისგან და ეს კანონი, რომლის მიღებას "ქართული ოცნება" ასე მონდომებით ცდილობს, არის ზუსტად ის, რაც კრემლს სჭირდება. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. შეხედეთ მოლდოვას, ყირგიზეთს. მოსკოვი ცდილობს, ეს ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროში დაიბრუნოს. ამიტომ, აქ შთაბეჭდილება გვექმნება, რომ საქართველოს მთავრობას უფრო პუტინიზაცია სურს, ვიდრე ევროპიზაცია და ბიძინიზაცია ჩემთვის იგივეა, რაც პუტინიზაცია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, თუ ასეთი კანონები იქნა მიღებული და ასეთი ქმედებები გაგრძელდა. მე ჩემი პარტიის მოსაზრებას გეუბნებით.

თუ თქვენ გინდათ, რომ უფრო ღია იყოთ ევროკავშირისთვის და გქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა, არ შეიძლება, რომ ევროპული ინსტიტუტების და არასამთავრობოების ბლოკირებას ახდენდეთ. აგენტები არიან რუსეთის აგენტები, ევროპული ინსტიტუტები და ორგანიზაციები კი, რომლებიც ღიაა, არ არიან აგენტები. მე ვიცნობ ქართველ ხალხს და ვიცი, რომ მათ არ უნდათ პუტინიზაცია და რუსეთის გავლენები. ასე რომ, არჩევანი ნათელია, - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი