"ეს გაუგებრობა უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა" | ღარიბაშვილი სენატორების წერილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "გაუგებრობა" დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილონ. ის ასევე ამტკიცებს, რომ წერილის შინაარსი და პათოსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა განსაზღვრული.

ღარიბაშვილი ეხმაურება კრიტიკულ განცხადებებს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის შესახებ და "საფუძველმოკლებული"  უწოდებს.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე...ჩემი სურვილი არის ის, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან. და თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება ამ წერილს, მეც გავეცანი შინაარსს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული...საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს. არ არის რაღაც გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს. გამოითქვა კრიტიკა, რომ თითქოს საქართველო აპირებს გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას თუ დემოკრატიის გზას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებულია, არამედ ძალიან ისეთი განცხადებაა, საფუძველმოკლებული განცხადებაა," - ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსულ კანონთან დაკავშირებით და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი