"შავი ფულის სამოთხე" საქართველოში და ბრძოლა "გამჭვირვალობის" სახელით | ოფშორების კანონის საფრთხეები

გამოქვეყნდა:

"შავი ფულის სამოთხე" საქართველოში და ბრძოლა "გამჭვირვალობის" სახელით - "მეტალაბი" ოფშორების კანონის შესახებ ჟურნალისტურ გამოძებას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია რას ემსახურება, რა საფრთხეები ახლავს თან და რატომ მიიღეს ის განსაკუთრებულად დაჩქარებული პროცედურით.

როგორც "მეტალაბი" წერს, ბიძინა ივანიშვილს ოფშორულ ზონებში, სულ მცირე, 20 კომპანია აქვს, რომლის სახელიც 2016 წელს ფიგურირებდა ცნობილ სკანდალში, პანამის დოკუმენტებში, რა დროსაც გასაჯაროვდა 11-მლნზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ამხელდა პოლიტიკოსებს, საერთაშორისო კომპანიებს, გადასახადებისგან თავის არიდებაში და ზოგ შემთხვევაში - ფულის გათეთრებაშიც. 

რაც შეეხება რუს ბიზნესმენებს, ოფშორებში ქონების განკარგვა მათთვის აშკარად საფრთხის შემცველია, საქართველოს საგადასახადო სისტემაში შესული ცვლილებები კი, მათთვის განსაკუთრებული შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის, სადაც მათ “შავი ფულის სამოთხე” დახვდებათ, რადგან ივანიშვილთან აფილირებული კომპანიები თუ რუსი ოლიგარქები, სანქცირებულთა სიაში უკვე იმყოფებიან ან მათ მფლობელებს პატიმრობა ემუქრებათ.

"პანამის დოკუმენტების გაჟონვის და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართეს ოფშორებისკენ, სადაც ასეულობით რუსი ოლიგარქის აქტივებია რეგისტრირებული. გაჟონილი დოკუმენტებიდან ასევე გაირკვა ისიც, რომ ერთ-ერთი ასეთი ბიძინა ივანიშვილიცაა, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია LYNDEN MANAGEMENT LTD საეჭვო რეპუტაციის მქონე პარტნიორებთან ერთად. მათ შორისაა MOSSACK FONSECA, კომპანია, რომლის მფლობელების წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს და დიდი ალბათობით პატიმრობა ემუქრებათ. პანამას დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის მწარმოებელ სანქცირებულ კომპანიასთან – DCB Finance.

იმ ადამიანისგან, რომელიც თავის დროზე საფრანგეთში ერთ მისამართზე 900-მდე კომპანიას ფლობდა, ალბათ წარმოუდგენელია მხოლოდ ერთ ოფშორულ კომპანიაზე შეჩერებულიყო. ამის დასადასტურებლად, კვიპროსის მაგალითის განხილვაც საკმარისია, სადაც ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის წილებს მივაკვლიეთ – SODENK TRADING LIMITED, კომპანია, რომელიც 2022 წლის დეკემბერში სამართავად სხვაზეა გადაფორმებული. თავად ივანიშვილი კი მას 2000 წლიდან მართავდა.

ამჟამად, კომპანიას 3 სუბიექტი მართავს, 2 კერძო და 1 იურიდიული პირი, რომლებიც 2012 წლის “ქართუ ბანკის” ჩანაწერებში მეწილეებად ფიგურირებენ. სწორედ “ქართუს” ერთ-ერთი მეწილის და ახლა უკვე SODENK TRADING LIMITED-ის დირექტორის Androula Charilaou-ს და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, Dmitry Mazepin – ის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესი ბრიტანეთში ამჟამადაც მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარს უკავშირდება.

ივანიშვილის გაუჩინარებიდან სულ რამდენიმე თვეში შეერთებულმა შტატებმა ცნობილ სკანდალში გახვეული ალიშერ უსმანოვთან ერთად დაასანქცირა ბერძენი იურისტი, ქრისტოდოლუს გეორგიუს ვასილადესი, რომელიც SBERBANK-თან და რუსეთის მთავრობასთან, ფინანსურ მაქინაციებში იყო მხილებული. სწორედ ამ სანქცირებული იურისტის მისამართზეა რეგისტრირებული ივანიშვილის მფლობელობაში არსებული SODENK TRADING LIMITED ისე, როგორც ასეულობით სხვა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია. მათ შორის MOSSACK FONSECA-ს ოფისები.

ივანიშვილის გაუჩინარების შემდეგ SODENK TRADING LIMITED-ს ამ ეტაპზე სამი სუბიექტი მართავს, რომელთა საქმინობაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ივანიშვილის წარსულ ბიზნეს საქმიანობის სტილზე მიანიშნებს. კერძოდ, სამივე ეს სუბიექტი (ორი კერძო პირი და ერთი კომპანია) ერთად, მხოლოდ კვიპროსში ფლობენ 1300-მდე სხვა კომპანიას.

გარდა ამისა, დასავლურმა სპეცსამსახურებმა, FinCen-მა (ფინანსურ დანაშუალებებთან ბრძოლის ქსელმა) ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ბრძოლა, ფულის გათეთრების და ფარული რუსული ინვესტიციების წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს ივანიშვილისთვის საბოლოო სიგნალი აღმოჩნდა, მისი გადამალული აქტივების საქართველოში გადმოსატანად.

საყურადღებოა, კანონპროექტის ინიციატორის, პაატა კვიჟნაძის მიერ, შემთხვევით ნათქვამი „ფულის გათეთრების“ შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კანონი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მხოლოდ საკუთარი აქტივებისთვის არ აქვს გამიზნული," - ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძებაში.

"მეტალაბის" მასალა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი