იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო | ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. სხდომაზე ხმაურია. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას პროცედურული კითხვების დასმის უფლებას არ აძლევს. განხილვის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა მედიასთან განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ სხდომის გადადებას მოითხოვდნენ.

"პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით რაც ქალბატონ თინას [ბოკუჩავა] უნდოდა, დღეს თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ან ინციდენტი იყოს არიდებული" - თქვა გიორგი ვაშაძემ სხდომაზე, რომელსაც მალევე მიკროფონი გაუთიშეს, მანამდე მიკროფონი გაუთიშეს დეპუტატ თინა ბოკუჩავას.

"კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ხალხი ჩამოჰყავთ, ეს არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან. თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, პირდაპირ ვამბობ. იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვები ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში," - თქვა მანამდე ვაშაძემ მედიასთან.

თინა ბოკუჩავა კი აღნიშნავდა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა:

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ. თუმცა, როგორც მინიმუმ დღეს, როდესაც არის მათი დაორგანიზებული რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანია, რომ კონფრონტაციის თავიდან არიდების მიზნით, რომ არ იყოს ასეთი ვნებათაღელვა, გადაიდოს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა," - განაცხადა ბოკუჩავამ მედიასთან.

ცნობისთვის, პარლამენტმა 29 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა. რუსული კანონის განხილვისას შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინ მედიას და ტელევიზიების 2-ზე მეტ გადამღებ ჯგუფს. საღამოს კი "ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას გამართავს, რისთვისაც რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს.

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი