გზავნილია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დააკავეს | მიშველაძე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი, დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ომბუდსმენის თქმით, გარეგნული დათვალიერებით მას ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა. ცოტა ხნის წინ კი მასთან ადვოკატი, ლევან სამუშია შევიდა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

როგორც პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე ამბობს, დანაშაულზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ეს არის დაშინების და ანგარიშსწორების მცდელობა.

"ეს არის გზავნილი, ალბათ, ჩვენთვის ყველასთვის და საერთოდ მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რომ ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაკავებულია "არა რუსულ კანონს," აი, ამ პროტესტის გამო. ყველა კადრში ბუკა დგას ხელებაწეული, ელაპარაკება პოლიციელებს და მერე ერთ კადრში ჩანს, ათობით პოლიციელი როგორ მიათრევს მას და შეათრიეს. აკავებენ სრულიად უმიზეზოდ. ეს არის ანგარიშსწორება. ეს არის დაშინების მცდელობა, ცხადია. მაგრამ ვერც დაჭერებით შეგვაშინებენ, ვერც ტერორით შეგვაშინებენ. ბუკა გამოვა. მის დანაშაულზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია," - ამბობს მიშველაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში გაიმართა. მასშტაბური აქციის მონაწილეები ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც გვიან ღამით სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. იმის მიუხედავად რომ აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პარლამენტთან გამოჩნდა სპეცრაზმი. სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი. მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც. პოლიცია "ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავდა და აქციის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, რომ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ასულიყვნენ.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი