მდინარაძის თქმით, გუშინ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუშინ, რუსული კანონის მხარდასაჭერად "ოცნების" ორგანიზებულ აქციაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო. მისივე თქმით, ოპოზიცია არ იშლის "თავების თვლას". 

მისი მტკიცებით, "გაწეილ პროცესიას დაარქვეს 100 000 ადამიანი და შემდეგ იქ მართლაც 200 000 ადამიანი რომ დადგა და უყურებდა აქცია როგორ მიმდინარეობდა და შეიკრიბა, ამასაც დაარქვეს 100 000 ადამიანი".

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები და დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი, გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო. [...] 

ესენი ცდილობენ თქვან, მაგალითად, რადგან არ მოიშალეს ამ რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე, ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლების ორგანიზებით გუშინ თბილისში რეგიონებიდან არაერთი მოქალაქე ჩამოიყვანეს, მათ შორის საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. გუშინდელ კონტრაქციაზე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და ისევ ისაუბრა "გლობალურ ომის პარტიაზე", რომელსაც, მისი მტკიცებით, NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც "საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს" და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.

ის მმართველობის მე-12 წელს მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის".

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება, 19:00 საათზე.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

"ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი