უბილავა და ჯავახია, რომლებიც აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელებს შორის სახელდებიან, მერიისგან დაფინანსებას იღებენ

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ სავარაუდო მოძალადეები, რომლებიც გმირთა მოედანსა და მის მიმდებარედ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს გუშინ თავს დაესხნენ.

იდენტიფიცირებულია 3 თავდამსხმელი: ჯონდო ურიადმყოფელი, გიორგი უბილავა და დავით ჯავახია. ჩვენ ყველა მათგანის საცხოვრებელ სახლთან ვიმყოფებოდით, თუმცა ისინი მედიასთან არ გამოჩენილან.

დავით ჯავახიასა და გიორგი უბილავას შესახებ ირაკლი აბესაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი, თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ. აბესაძის თქმით, ცალსახაა, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ შეკვეთილი ორკესტრირებული თავდასხმა.

"ცალსახაა, რომ ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან, მათ მიერ შეკვეთილი თავდასხმა საკუთარი, რუსული პოლიტიკის დასაცავად. და მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ მედიაში დასახელებული პირები თბილისის მერიისგან იღებენ, როგორც წარმატებული მწვრთნელები 500-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გაფორმებული იყოს სხვადასხვა აიპებში თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში. მაშინ უკვე ნათელი ხდება, რომ დიახაც, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ფორმით იღებენ ფინანსურ სარგებელს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ, აი, ასეთი ძალადობრივი, დანაშაულებრივი დავალებები შეუსრულონ ხელისუფლებას. მიზანი ინფანტილურია, ხელისუფლების მცდელობა ძალიან სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ ვინმეს შეეშინდეს ამ ყველაფრის. ეს არის აბსოლუტურად წარუმატებელი, სულელური მცდელობა უბრალოდ დანაშაულს ადენინებენ ადამიანებს და მათაც უღუპავენ მომავალს. რადგან ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, პასუხისგება მოუწევთ," - ამბობს "მთავართან" აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მაისს, გმირთა მოედანზე და მის მიმდებარედ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. მედიაში და სოციალურ ქსელებში ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალები გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც, ნაცემია რამდენიმე ადამიანი. მოქალაქეებს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა აქცია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი