შე, ნაციონალოო და გინებები დაიწყეს, ხის ჯოხები ეკავათ... | იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც ლადო აფხაზავას თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ლადო აფხაზავას თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგის დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფაიშვილს, დაავალა.

თავდამსხმელი პედაგოგს ლანჩხუთში, საცხოვრებელ სახლთან გუშინ, 5 მაისს, დახვდა და ფიზიკური ანგარიშსწორება წინასწარ მომზადებული ხის ჯოხით სცადა. თავდასხმაში მის გარდა კიდევ 2 ადამიანი მონაწილეობდა. 

"სადარბაზოში ჩავედით, ეზოში გავედით და მანქანამ შემოუხვია, ეზოში შემოვიდა, ჩაწეული ჰქონდა ფანჯრები და დაიწყეს შე ნაციონალო და გინებები. მოვიდნენ და ხის ჯოხები დაიკავეს ხელში. ცოტა არ იყოს უკვე მივხვდი, რომ რაღაც, ალბათ, გამიზნულად [დამესხნენ თავს]. მე არ მეგულება ადამიანი, რომ ბეისბოლის გამოთლილი ჯოხი ჰქონდეთ საბარგულში და ისე დადიოდნენ. მით უმეტეს ეს ადამიანი ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლია და არც კი ვიფიქრებდი...რამდენიმე დღეა თბილისში ვარ და აქციაში ვიღებ მონაწილეობას. ალბათ, სოციალურ ქსელშიც მაკვირდებიან, მაგრამ არ არიან ახლა ისეთი ადამიანები, რომ სოციალური ქსელი ან რაღაც [ჰქონდეთ], დაკავებული ადამიანები არიან, მუშაობენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში "ქართული ოცნება," ალბათ, იყენებს ამ ადამიანებს მსგავსი ტიპის აქტივობისთვის," - ამბობს "მთავართან" ლადო აფხაზავა.

ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების ობიექტი გახდა მისი შვილიც, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი