სასამართლომ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მის დახურვამდე მოკლე განცხადებები გააკეთეს ბრალდებულებმა. უჩა აბაშიძემ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა, მარიამ იაშვილმა კი დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. ამას გარდა, აბაშიძეს დამატებით ბრალი წარედგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით (236-ე მუხლის მესამე ნაწილი). 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ბლოგერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მანამდე პოლიცია რამდენიმე საათი ჩხრეკდა მის სახლს, აბაშიძის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს კი ბინაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. სამართალდამცველები შევიდნენ მისი ცოლის, მარიამ იაშვილის სახლშიც. გუშინ, 11 მაისს კი ისიც დააკავეს. 

ამავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ამტკიცებდა, რომ უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვა პირების ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს. 

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი