"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს.
მისი თქმით, თელავსა და ყვარელში, იქ, სადაც ბოტკოველის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერები განთავსდა, მეპატრონეების დასჯა დაიწყო. თელავში, მაღაზია "ლიმბოში" შემოსავლების სამსახური შევიდა, ყვარელში კი კულტურის აიპის თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გაუგზავნეს.
გარდა ამისა, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ, ტოტალური დაშინება და კონტროლი მიმდინარეობს პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებზეც.
"მთავარი" ესაუბრა "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელს კახეთში, პლატონ კალმახელიძეს. მისი თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და "ნაციონალური მოძაობის" კანდიდატმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
ეს არის წაგებისთვის განწირული პოლიტიკური ძალის ფართხალი. სულ რომ გადააჭრელონ ქალაქ თელავის ქუჩები, ცაზეც რომ გამოსახონ მათი პოლიტიკური კანდიდატის ბანერი, ეგენი ჩვენთან საერთოდ ვერ მოვლენ შედეგებით, რომლებიც არჩევნებზე დადგება, - ამბობს კალმახელიძე
ცნობისთვის, გიორგი ბოტკოველი ფაქტებზე რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართავს.