
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მინისტრებს "შოკი ჰქონდათ", როდესაც ნახეს პაპუაშვილის განცხადება "შეთანხმებაზე" .
"მათ შოკი ჰქონდათ, როდესაც ნახეს ის უტიფარი ტყუილი, რაც პაპუაშვილს უთქვია, რომ ყველაფერზე შევთანხმდითო. მე ვიცი, რომ მინისტრმა გააკეთა განცხადება და ამიტომ ვაძლევ უფლებას ვთქვა, მე რაც ვნახე. " - ამბობს ბოკერია
4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, თითქოს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ "ქართული ოცნება" სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.
პაპუაშვილის გავრცელებული ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც ლიეტუვის, არც ლატვიის არც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, ბოლო პერიოდში სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარის ზარებსა და ჩასაფრებებზე.
"ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან. მე არც ვიცი რა სიტყვა არის, რომელმაც ზუსტად შეიძლება გადმოსცეს ის ემოცია, თუ განცდა, რაც ამ ხალხს აქვს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ. შოკი შეიძლება ყველაზე ახლოს იყოს, მაგრამ შოკიც ვერ აღწერს ბოლომდე, რა განცდებით გამოვიდნენ ამ შეხვედრიდან.
ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, აინტერესებდათ დეტალებში ჩვენ როგორ ვუყურებთ სიტუაციას. ინფორმაცია მივაწოდეთ ყველაფერზე, მათ შორის ტერორის ატმოსფეროზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა . იგულისხმება მუქარის ზარები, პოსტერების გაკვრა, ჩასაფრებები და ფიზიკური ანგარიშსწორება" - ამბობს ჯაფარიძე
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, უცხოელი ლიდერებისთვის ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას ტყუილზე:
"ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში ლტოლვას. ახლა რაზეც დგას და რაზეც გადის ევროპული მომავალი არის ის ხალხი, რომელიც გამოდის, აპროტესტებს და არ ჩერდება და არა პაპუაშვილზე, არა ცალკეულ პოლიტიკოსებზე, კონკრეტულად იმ ხალხზე, რომელსაც ყველა ხედავს. ყველა არის გაკვირვებული იმ რაოდენობის ხალხის, რამდენიც შეუპოვრად გამოდის ამდენი ხნის განმავალობაში. სწორედ ამიტომ ჩამოდიან, ამიტომ საუბრობენ და მათთვის ნათელია, რომ ხელისუფლება დგას არა ხალხზე, არამედ ტყუილზე" - ამბობს ხოშტარია