"სირცხვილი" - სკანდირებენ ამ წუთებში რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. ისინი ითხოვდნენ უნივერსიტეტმა გამოიწვიოს ხელმოწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივი განცხადებიდან.
რექტორი, დავით გურგენიძე ამბობს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი რუსული არაა და გაფიცვა არ შეიძლება.
"ჯავახიშვილს არ მოუწოდებია გამოდი გარეთო... [თქვენ სტუდენტების მოთხოვნას არ უერთდებით?] არა, არ შეიძლება გაფიცვა, [თქვენი სტუდენტების ნაწილიც გაფიცულია] კი ბატონო, როცა იქნება საშუალება აღუდგენენ მათ ლექციებს, როგორც იქნება ამის საშუალება. არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ასე ვთვლი, რა იყო, ჩემი უფლება არ არის. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობთ ხელს", - ამბობს დავით გურგენიძე.
ცნობისთვის, 14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორის ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. განცხადებას ხელს აწერს შავი ზღვის უნივერსიტეტიც.
მანამ, სანამ განცხადება ტექნიკური უნივერსიტეტი საიტზე გამოქვეყნდებოდა, "მთავარს" წყარომ განათლების სამინისტროდან მოაწოდა განცხადების ტექსტი.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ ტექსტი შეხვედრიდან ერთ-ერთმა "პოლიტიზებულმა უნივერსიტეტმა" გაიტანა.
"[კომუნიკაცია გქონდათ სამინისტროსთან ტექსტზე მუშაობის პროცესში?] არასდროს არ მქონია მაგ თემაზე, ვგავარ იმ კაცს რომ ტექსტი მომცეს ვინმემ. კიდევ ერთხელ გიხსნით, ეს ტექსტი, რომელიც იყო რექტორთა კონფერენციის დროს დადებული მაგიდაზე ერთ-ერთმა პოლიტიზებულმა, არ დავასახელებ, მეზობელმა, პოლიტიზებულმა უნივერსიტეტმა დატოვა დარბაზი, მეზობელი, გვერდზე, დატოვა, შემდეგ გახდა ცნობილი ეს საჯაროდ, ამაზე მუშაობდა ყველა რექტორები", - ამბობს ის.
ავტორი: დავით კობიძე.