ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო | საგარეო დიპლომატიური უწყებების მიერ 26 მაისის ღონისძიებების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 
26 მაისის ღონისძიებების საზღვარგარეთ, დიპლომატიურ უწყებებში, შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

უწყება აცხადებს, რომ სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა, არ განმარტავს კონკრეტულად რა მიზეზებით.

"ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე  ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში - როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 

განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. 

შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს.  

წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი. 

ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 
ღონისძიებები უქმდება. სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ," - აცხადებს საგარეო.

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" ორი წერილი გაასაჯაროვა, რომელსაც საელჩოებიდან (საქართველოს გენერალური საკონსულოსი სან-ფრანცისკოში და საქართველოს საელჩოსი ესტონეთში) ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერდნენ. ორივე წერილში ნათქვამი იყო, რომ 26 მაისის ღონისძიება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება. მიზეზებზე წერილებში არაფერი იყო ნათქვამი და მათ გადამოწმებას სიუჟეტის გასვლამდე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვცდილობდით. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი