"ეს კანონი იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას... გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე", - ამის შესახებ პრეზიდენტის პარლამენტისადმი გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებშია საუბარი.
"ეს კანონი იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას. კანონი ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. "აგენტების კანონი", რომლიდანაც ამოღებული სიტყვები "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლებულია ტერმინით "უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი", რომელიც ტერმინის "აგენტი" განმარტებაა. ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი შინაარსით არის არაკონსტიტუციური. მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს", - წერია დოკუმენტში.