საქართველოსთვის! წინ ევროპისკენ! - ოთხი უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთლის მეტროსთან იკრიბებიან. ახალგაზრდების მარში 19:00 საათზე ორი ლოკაციიდან სამედიცინოს უნივერსიტეტიდან და წერეთლის მეტროდან დაიწყება. ისინი ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეხვდებიან და საბოლოო საიდუმლო დანიშნულების ადგილისკენ, რომელსაც ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ და პირობითად "პრივატ დრაივის 7-ს" უწოდებენ, ერთად წავლენ.
აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და სხვადასხვა ბანერებით არიან წარმოდგენილი. მათი თქმით, მათაც მაღალი IQ აქვთ და შეუძლიათ ისე შეადგინონ გეგმა, რომ ხელისუფლებას თავსატეხი გაუჩნდეს, სად და რას აპირებენ ისინი. ასევე ამბობენ, რომ ახალგაზრდები მაქსიმალური მრავალფეროვნებითა და მხიარულებით შეეცდებიან იმის გაპროტესტებას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და რაც მათ აწუხებთ.
პარალელურად, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ მე-12 კლასელები, რომლებიც ბოლო ზარის დღეს აქციაზე ატარებენ.