ლაგოდეხში კორონავირუსი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა. 

შუახნის კაცი აჭარის რეგიონში მცხოვრებია. ის ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, სასაზღვრო პოლიციის სექტორში არ მისულა. ინფიცირებული თბილისშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი და მესაზღვრეს სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ახმეტაშიც. ისინი სოფელ მატანში მცხოვრები იმ მამაკაცის კონტაქტები არიან, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

ეპიდემიოლოგების თქმით, კახეთში ორივე მუნიციპალიტეტში ვირუსი შემოტანილ შემთხვევებად   განიხილება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 227;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი