ცოლისა და სიდედრის მკვლელობა რუსთავში | პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით,შეუწყნარებლობის მოტივით,სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით  სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი