ვლადიმერ პუტინი პრემიერ კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და კობახიძეს ექომაგება - „ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს როშავენ“, - თქვა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინს კითხვა პროპაგანდისტული Russia Today-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
"მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, რა თქვა იქ ვიღაც ევროკომისარმა. იქ ბევრი კომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს როშავენ. მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ - ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს" - თქვა პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის დღეს ჩავიდა.
შეგახსენებთ, კობახიძემ გუშინ ევროკომისარი "მუქარაში" დაადანაშაულა, რასაც მალევე ვარჰეის პასუხი მოჰყვა, რომ მათი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.