მოლდოვაში ხუთი სატელევიზიო არხი დაიხურება. ყველა მათგანი დაკავშირებულია პრორუს და ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან - ილან შორთან და ვლადიმერ პლახატნიუკთან. გადაწყვეტილება ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის საბჭომ მიიღო. საბჭომ სამ კომპანიას, რომლებიც ფლობენ ტელეარხებს Primul, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3, მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.
მთავრობის ინფორმაციით, კომპანიებმა გამგეობის მოთხოვნა დაარღვიეს და სრულად არ მიაწოდეს ინფორმაცია დაფინანსების შესახებ.
„დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებითაც კომპანიების პლახატნიუკისა და შორის დაჯგუფებებთან კავშირი დასტურდება“, – აცხადებენ მოლდოვის მთავრობაში.
გაქცეულ ოლიგარქს, ილან შორის, მოლდოვაში15 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.მოლდოვის საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. ის ერთ-ერთი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო, თუმცა მისი პარტია მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის კრძალა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოლდოვამ რუსეთისგან შორის ექსტრადირება მოითხოვა.
ვლადიმერ პლახატნიუკი „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, მანამდე კი ქვეყნის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლამდე, ანუ იქამდე, ვიდრე ქვეყნის სათავეში მაია სანდუს პროდასავლური გუნდი მოვიდოდა, პლახატნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ის მოლდოვის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ოლიგარქმა მოლდოვა დატოვა და ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.