პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო მიმართვას უგზავნის და მოუწოდებს დაგმოს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობა ენმ-ის ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.
მიმართვას ენმ ავრცელებს:
"ღრმა შეშფოთებითა და დამძიმებული გულით გწერთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით. წუხელ, აგრესიის შოკისმომგვრელი აქტი მოხდა, როდესაც 60-კაციანმა ჯგუფმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას. სამართალდამცავების პასუხი ამ ძალადობაზე იყო საგრძნობლად დაგვიანებული, რამაც სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტების უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ. არსებული რეჟიმის პირობებში, ეს ინციდენტი მხოლოდ ერთ- ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და რეპრესიების ესკალაცია.„ქართული ოცნების“ რეჟიმის მჩაგვრელი ბუნება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა კრემლის მიერ შთაგონებული „უცხო გავლენის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ. ამას მოწმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა, მიზანმიმართული სასტიკი თავდასხმები აქტივისტებზე, როგორიცაა დავით ქაცარავა და პოლიტიკოსები, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ივანიშვილის რეჟიმი ასევე ახორციელებს ათასობით მოქალაქეზე ფარული სატელეფონო ნომრებიდან მუქარასა და შეურაცხყოფას, არბევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებს და ღებავს ლიდერებისა და აქტივისტების სახლებს წარწერებით, როგორიცაა „უცხოური აგენტები“ და „სამშობლოს გამყიდველები“. ასევე ხდება ნიღბიანი ადამიანების ჩასაფრება პოლიტიკური ოპონენტების სახლებთან.
ოლიგარქ ივანიშვილის მიერ საჯაროდ გამოთქმული ღია მუქარა კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოს წინაშე არსებულ მძიმე მდგომარეობას. ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაუფარავად დააანონსა 29 აპრილს თბილისში ხელისუფლების მიერ ხელოვნურად ორგანიზებულ დემონსტრაციაზე. მან პირდაპირ დაასახელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოტენციური სამიზნე. ყველა გარემოება მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტერორში ჩართულია სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები, ხოლო შემტევ ბანდებს - მათ შორის, ვინც ენმ-ს ოფისზე მიიტანა შეტევა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე და თბილისის მერი კახა კალაძე აორგანიზებენ.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს სახელმწიფო ტერორის ეს აქტები და მტკიცე პოზიცია დაიკავოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევის საპასუხოდ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში რუსეთის რეჟიმის საგანგაშო გავლენის შესაჩერებლად და ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ მომავალზე. დემოკრატიული ღირებულებების ეროზია და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და თავისუფალი, ღია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს.
თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ღირებულებები." ნათქვამია მიმართვაში.
ხელმომწერები:
საპარლამენტო ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (თინა ბოკუჩავა)
ევროოპტიმისტები (რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე)
ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის(ნიკა მაჭუტაძე)
თავისუფლება (ნატო ჩხეიძე),
ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის (დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი)
მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი)
რეფორმების ჯგუფი (თეონა აქუბარდია).
დამოუკიდებელი დეპუტატები:
არმაზ ახვლედიანი
შალვა შავგულიძე
თამარ ჩარკვიანი
სალომე სამადაშვილი
დავით ბაქრაძე
თამარ კორძაია
პოლიტიკური პარტიები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სტრატეგია აღმაშენებელი
დროა
გირჩი მეტი თავისუფლება