პოლიტიკური პარტიები დღეს, 3 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" მოაწერენ ხელს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები ხელმოსაწერად ორბელიანების სასახლეში მისვლას 11:00 საათიდან დაიწყებენ.
დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აწერს. არსებული ინფორმაციით, ინიციატივას არ უერთდება "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია", რაც შეეხება პარტიას "საქართველოსთვის", გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 12:00 საათზე გააჟღერებს.
ორბელიანების სასახლეში უკვე მივიდა პოლიტიკოსი ეკა ბესელია:
"ქარტია მიმაჩნია ახლა ყველაზე მნიშვნელოვან, ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე. ამ დოკუმენტს სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, არამედ პირველ რიგში სჭირდება ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერა და მე სწორედ ამის იმედი მაქვს. რადგან პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით ახლა ამ კრიზისიდან, ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა შესთავაზა ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა", - თქვა "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ.
დოკუმენტს ხელი მოაწერა "მწვანეთა მოძრაობის" ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემაც.
"ქართული ქარტია" პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. პრეზიდენტი პარტიებს სთავაზობს იმ საკითხებზე შეჯერებას, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, შესაბამისად, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. ქარტია ითვალისწინებს, რომ პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა მომავალ პარლამენტში იმუშაონ, რომ მასშტაბური რეფორმები გატარდეს, შემდეგ კი ისევ არჩევნები დაინიშნოს. იხილეთ: