საქართველოს მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მათ 59%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. ინფორმაციას NDI აგვისტოში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვების საფუძველზე აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, თუმცა მოქალაქეების მესამედი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ მოსყიდვა სამართლიანი კენჭისყრის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევებიდან მოსახლეობა ყველაზე დიდი მნიშვნელობას სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის დამარცხებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ანიჭებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 80% დაგროვებით საპენსიო პროგრამაში ჩართული არაა. ხოლო მოქალაქეები 38%, რომელთა შემოსავლის ნაწილი საპენსიო ფონდში ირიცხება ამბობს, რომ თანხას გაიტანდა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებიდან ყველაზე დიდ პრობლემად მოსახლეობა მედიკამენტების საფასურს მიიჩნევს, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები კი, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს ადარდებს.

განათლების სექტორში არსებული პრობლემებიდან გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ონლაინ-სწავლების შემოღებამ დამატებითი სირთულეები მოიტანა. მოსახლეობის 22%-ს ლექტორ-მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია ადარდებს, 20% კი უმაღლესი სასწავლებლების მაღალ საფასურზე საუბრობს.

ცნობისთვის, კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი