
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებას ფინანსური დახმარების გადახედვაზე, პრემიერი კობახიძე ტრადიციულად "შანტაჟს" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები გადასახედია და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება:
"როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. " ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება თავდაცვის სფეროში დახმარებას, კობახიძის თქმით, თუ აშშ ამას შეამცირებს, "თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ქართული ,ისე ამერიკული მხარისთვის"
აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ვაშინგტონისთვის დღის წესრიგში დადგა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვა. კერძოდ, მილერი სანქციებთან ერთად, ამჯერად საუბრობს უკვე ფინანსური დახმარების გადახედვაზეც, რომელსაც შეერთებული შტატებისგან საქართველო იღებს და რასაც საფრთხე სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკამ შეუქმნა.