მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, ხოლო მიღებული ინფორმაცია დაუშვებლად, პოლიცია უარყოფს, რომ იარაღი აქტივისტისა და ბიზნესმენის მანქანაში სწორედ მათ ჩადეს. თუმცა მოსამართლე ლევან დარბაიძის ამ გადაწყვეტილებამ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
დღევანდელ პროცესზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლითაც სამართალდამცველებმა ბაბაევის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ დააკავეს.
როგორც ირკვევა, ბაბაევს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს მისთვის საქმის შეკერვას გეგმავდა, რის გამოც, საკუთარ ავტომანქანაში წინასწარ 12 სათვალთვალო კამერა დააყენა. სწორედ ამ კამერებზეა სავარაუდოდ დაფიქსირებული პოლიციელების უკანონო ქმედებები. არ არის გამორიცხული არსებობდეს კონკრეტული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩადო პოლიციამ "კალაშნიკოვი" და "მაკაროვი" ბაბაევის მანქანაში.
მოსამართლის გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.
იქამდე კი პროცესზე ბაბაევმა დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ჰქონდა ადგილი.
ბაბაევის საპატიმროში ყოფნის ვადა ღამის პირველი საათისთვის იწურება. ამის შემდეგ ის კანონით უნდა გათავისუფლდეს. 4 საათზე კი გორში, პროკურატურასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იგეგმება, სადაც ბაბაევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, მოსამართლის დრევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ბაბაევის იზოლატორში ყოფნა უკანონოა.