"შაბათის მთავარმა" გლდანის ციხიდან წერილი მიიღო. კაცი ამტკიცებს, რომ ყოფილმა ცოლმა საპატიმროში მოგონილი და ტყუილი ბრალდებით გაუშვა. მისი მტკიცებით, ქალმა მეგობრების წაქეზებითა და ზეგავლენით უჩივლა. ბრალდება კი, რისთვისაც კაცი სასჯელს იხდის მძიმეა - ძალადობა და გაუპატიურება. საქმე უმაღლეს ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. პატიმარი ამტკიცებს, რომ ის ცოლზე არ ძალადობდა და წლები ერთად თანაცხოვრობდნენ, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.
დეტალები:
ირკვევა, რომ ცოლ-ქმრის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ეჭვიანობა იყო. პატიმარი წერილში ყვება, რომ ქალს იმ დაქალთან ურთიერთობის გაწყვეტას სთხოვდა, რომელიც მისივე მტკიცებით, თაღლითურ ქოლცენტრში მუშაობდა და მისთვის არასასურველი რეპუტაცია ჰქონდა.
"ჩემი გაჭირვების ისტორია დაიწყო უფრო ადრე, 2018 წელს, როცა ჩემმა მეუღლემ, ვერონიკა სიქტურაშვილმა გაიცნო ერთი ქალბატონი, მარია ლადიგინა. ე.წ თაღლითური ქოლცენტრის მენეჯერი, რომელიც დაუმეგობრდა და აურია მას გონება. ჩვენს ოჯახში ყოფნისას ეს ადამიანი სიამაყით ყვებოდა, თუ როგორ ახვევდა თავბრუს გერმანელ პენსიონერებს და როგორ პარავდა მათ არარეალურ თანხებს. ეს ადამიანი თავისი ქცევით და საუბრით იწვევდა ჩემში უსიამოვნო შეგრძნებებს, რის გამოც ჩემს მეუღლეს კატეგორიულად ვთხოვე, რომ გაეწყვიტა მარია ლადიგინასთან ურთიერთობა. თხოვნის მიუხედავად ჩემმა მეუღლემ მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტა, რაც ოჯახში კონფლიქტის მიზეზი გახდა."
ოჯახში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და დაპირისპირებამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო. მშობლების ჩხუბს უყურებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ქალის ადვოკატი ამტკიცებს რომ მსჯავრდებული მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ეჭვიანობდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.
ქალი 2 წლის წინ სახლიდან წავიდა. იურისტის ინფორმაციით, ქმარი ცოლს დაბრუნებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. ქალმა მუქარის დეტალები პოლიციას მოუყვა. საქმეში დევს მისი ჩვენებაც, სადაც ის წლების წინ მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე საუბრობს და ყვება, თუ როგორ გააუპატიურა ორსული საკუთარმა ქმარმა. ქალის ჩვენების საფუძველზე პოლიციამ 40 წლამდე კაცი დააკავა და გამოძიება მის წინააღმდეგ ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.
უმძიმეს ბრალდებას მსჯავრდებულის უფლებადამცველი არ ეთანხმება, სექსუალური ძალადობის ბრალდებით გასამართლებულის ინტერესებს ადვოკატი კახა ჩუბინიძე იცავს. იურისტის შეფასებით, მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც კაცის მიერ ცოლის გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებს. მისი ინფორმაციით ბრალად შერაცხული სექსუალური ძალადობის შემდეგ, წყვილი რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდა და ქალს მომხდარის შესახებ არასდროს უსაუბრია. დაცვის მხარე ეჭვობს, რომ დანაშაული მსჯავრდებულის წინააღმდეგ წინასწარ, კარგად დაგეგმილია.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის წინ დასრულდა. სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული ახლა სიმართლის დამტკიცებას ციხის საკნიდან ცდილობს და ამბობს რომ საქმეში მხოლოდ ცოლის ჩვენება დევს, რომელიც მისი მტკიცებით სიმართლეს არ შეესაბამება.
"გამომძიებელმა სრულიად აბსურდული მუხლები წამიყენა, თითქოს მე ჩემს მეუღლეზე, ვერონიკა სიქთურაშვილზე სექსუალურად ვიძალადე. ამ ჩვენებას იძლევა ის ადამიანი, რომელთანაც 10 წლის ბედნიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობა და 3 შვილი მაკავშირებს. ეს საქმე ისეთივე შეკერილია, როგორც სხვა დანარჩენი საქმე სკანდალურად ცნობილ ლაშა გამყრელიძის მიერ."
მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული უკვე ორი წელია სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.