ჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ში ელჩად დანიშვნას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ინფორმაციას ჯუანშერ ბურჭულაძე "მთავარ არხს" თავადვე უდასტურებს, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა ელჩების დანიშვნას აწერს ხელს.
ვინაიდან პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, უწყებამ პროცესი არჩევნებამდე შეაჩერა:

"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. 

აღარ წარადგენს  მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს].

მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს." ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ბურჭულაძის თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს: 

"ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაო ჩვენს პარტნიორებთან." ამბობს ბურჭულაძე "მთავართან". 

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავი აარიდა "მთავარის" შეკითხვას, რა პოზიცია აქვს რუსულ კანონთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ  დიპლომატიურ სამსახურში აპირებდა გადანაცვლებას. 1-ელ თებერვალს მან თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი