ბიძინა ივანიშვილი მილიონნახევარი მოქალაქის ნაგროვები 5 მილიარდის საპენსიო დანაზოგის მითვისებას და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს - აცხადებენ პარტია "ახალში" და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთხელ უწოდებენ "პენსიების ქურდ კანონს".
პარტიის წევრის, ანა გოგოლაძის განცხადებით, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით ისე მიიღო ცვლილებები, რომ არ გაითვალისწინა არც ერთი შენიშვნა. "ახალში" ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც "ოცნებამ" რუსული კანონით დაიწყო, ობშორების კანონით გააგრძელა და ახლა მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება გადაწყვიტა.
"ქართული ოცნება აპირებს ჩვენგან მითვისებული საპენსიო დანაზოგებით დააფინანსოს შეცვლილი საგარეო, ანტიეროვნული და ანტიდასავლური კურსი. ამ კანონის მიღებით, ივანიშვილის რეჟიმი აპირებს ჩხარტიშვილის მიერ მითვისებული ანაბრების სქემის დუბლირებას და მოქალაქეების ღირსეული სიბერის გარეშე დატოვებას. მოცემულობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური მაკონტროლებელი ინსტიტუტი - ეროვნული ბანკი არის ბიძინა ვანიშვილის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ნათია თურნავა დღეს ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სებ-მა რამდენიმე თვის წინ, ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით.
ნათია თურნავა ასევე არის ჩხარტიშვილის ძალიან ახლო მეგობარი და ურთიერთობის ეს მატრიცა - ვანიშვილი-თურნავა-ჩხარტიშვილი, კიდევ უფრო ნათელს ხდის პენსების მითვისების სქემას. " აღნიშნა ანა გოგოლაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პარტია "ახალი" სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად იმუშავებს აღნიშნული კანონის გაუქმებასა და მდგრადი საპენსიო ფონდის შექმნაზე.
ცნობისთვის, კანონი რამდენიმე საგანგაშო მუხლს შეიცავს. მათ შორისაა - მართვის სისტემა. სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს.
მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება.
დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს.
პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა წლევანდელი წლის ივნისში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, ახალი კანონის თანახმად საინვესტიციო მიმართულებითაც გადაწყვეტილებებს პრემიერის მიერ შერჩეული ადამიანები მიიღებენ.