მთავრობის ადმინისტრაციიდან "მთავარ არხს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია ელჩობის კანდიდატების სია, თუმცა მათ შორის, არ არის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი და გვარი.
დილით "მთავარ არხს" ჯუანშერ ბურჭულაძემ უთხრა, რომ "პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს". ბურჭულაძის თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს.
აღნიშნული დღეს "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტის კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველი გახდა.
"ნატოში ელჩის დაბლოკვა მაშინ როდესაც არის გარკვეული ქონსერნები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ჩვენ რაღაც ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით დევიაცია გვაქვს, რაც აბსოლუტურად არ არის სინამდვილესთან შესაბამისობაში. ამ დროს, როდესაც ჩვენ ჩვენ წარმომადგენელს ვაგზავნით ნატოში, რომელმაც აქტიურად უნდა იმუშაოს, დაარწმუნოს პარტნიორები და აჩვენოს რეალობა, თუ რა ჭკუა-გონებაზეა და რა შეხედულებისაა საქართველოს მთავრობა და ქართული საზოგადოება, ამ დროს ის პირად ამბიციებს იკმაყოფილებს და შეიძლება ითქვა, ანტიკონსტიტუციურადაც მოქმედებს", - თქვა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ოპოზიციის ლიდერი თუ არის [ზურაბიშვილი], რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ელჩს არ ნიშნავს, კანონს ვეტოს ადებს და ფეხბურთელებს არ აჯილდოებს".
დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ბურჭულაძის კომენტარი ქვეყნის საბოტაჟად შეაფასა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს, რაც არ გამოუვა.