ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - გადამწყვეტ არჩევნებზე ამ საარჩევნო ბლოკით მთავარი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს.
გაერთიანებაში 5 პოლიტიკური პარტიაა. "ენმ"-ს, "რესპუბლიკური პარტიის", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ევროპელი დემოკრატებისა" და პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერებმა შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დღეს დოკუმენტზე ოფიციალური ხელმოწერითაც დააფიქსირეს.
გაერთიანების მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება, მთავარი კონკურენტი კი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნებაა.
ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ხაშურის, ქარელისა და გორის ნაწილის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ამბობს რომ ქართლი მისთვის უცხო არ არის, გორში გაზრდილია და მოსახლეობასაც კარგად იცნობს.
12 წლის წინ, როდესაც ოკუპანტი რუსეთის ბომბები საქართველოს ცაზე ცვიოდა, მანუჩარ კვირკველიამ ამ ისტორიული გამარჯვებით და ოლიმპიური ჩემპიონობით, ყველას უთხრა რომ შეუძლებელი არაფერია.
ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის თუ საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია ახლა პოლიტიკურ ტატამზე ეცდება გამარჯვების მოპოვებას.
ოზურგეთელი მანუჩარ კვირკველია გურიის გაერთიანებული- სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი სწორედ მთავარი ოპოზიციური გაერთიანებიდან იქნება. კვირკველია გაერთიანებულ ოპოზიციას პარტია "პროგრესი და თავისუფლებიდან" შეუერთდება.
იგივე პარტიიდან საარჩევნო ბლოკმა დღეს ასევე ვეტერანი მოჭიდავე დილარ ხაბულიანი რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი და სამგზის პარლამენტის დეპუტატი
ცეზარ ჩოჩელმა საარჩევნო მარათონი დღეს ოფიციალურად მცხეთა- მთიანეთის ოლქში დაიწყო. ის ოპოზიციური გაერთიანების სახელით მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
კახა ოქრიაშვილი მეხუთედ საპარლამენტო მანდატის მიღებას ბოლნისი- დმანისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში აპირებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიამ" დღეს მაჟორიტარობის 5 კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა. მთავარი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი ქვეყნის მასშტაბით, 25 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატებით იბრძოლებს.