"ხარება" - შინჯიკაშვილის დაპირისპირება | წყაროს ინფორმაციით, საქმის "დალაგებაში" პრემიერი კობახიძე ჩაერთო

გამოქვეყნდა:

"ხარებასა" და გიორგი შინჯიკაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინჯიკაშვილი ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც ის, თურქეთიდან გადავიდა.  ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის ფოტო გერმანიიდან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"მთავარის" წყაროს ცნობით, შინჯიკაშვილი გერმანიაში მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშზე დასასწრებად არ ყოფილა და ის იქ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, გდდ-ის უფროსთან დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტის "დალაგებას" თბილისის მერი კახა კალაძე ცდილობდა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო და ახლა მოლაპარაკებებში პრემიერი კობახიძეც ჩაერთო. წყაროს ცნობით, სწორედ კალაძესა და კობახიძეს შეხვდა გაქცეული ვიცე გუბერნატორი გერმანიაში, თუმცა ამავე წყაროს ცნობით, უსაფრთხოების გარანტიები შინჯიკაშვილმა ვერც ამჯერად მიიღო, შესაბამისად, ის საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

"მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში შინჯიკაშვილის მეგობარი და  გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი ამბობს, რომ ვალდებული არ არის დეტალებზე ისაუბროს, თუმცა ადასტურებს, რომ შინჯიკაშვილი შვებულებაშია: "ვალდებულება მაქვს თქვენთან რომ გიპასუხოთ? შვებულებაა ჩვეულებრივი. არაფერი დაპირისპირება არ ყოფილა." - ამბობს თანამდებობის პირი. 

სახელისუფლებო დაჯგუფებებს  შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კი, რომლის დეტალებიც  "შაბათის მთავარის" ეთერით გახდა ცნობილი, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი