"მთავარის" ინფორმაციით, აპრილში, ვაკეში მომხდარი კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი პირი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი კახაბერ გაბრიელაშვილი რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გაბრიელაშვილის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გაბრიელაშვილი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს.

რაც შეეხება მომხდარს - სროლა ქალაქის ცენტრში, ტაბიძის 110 ნომერში აპრილში მოხდა. ვრცელი რეპორტაჟი ამ თემაზე და ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი "შაბათის მთავარის" ეთერში გავიდა.

მომხდარის ფიგურანტი იყო სერგი ქურთიაშვილი, რომელმაც კამერების ჩანაწერების მიხედვით, ცეცხლი გაუხსნა, ძმები კაკულიების  ბიძაშვილს, გიორგი რუხაძეს. სწორედ რუხაძის დაცვა იყო გარდაცვლილი გაბრიელაშვილი, რომელიც ამ სროლისას დაიჭრა.

გაქცეულ ქურთიაშვილს საპასუხო  ცეცხლი  ვასილ როსტევანიშვილმა  გაუხსნა და ერთ ტყვია თავში გაარტყა. ვასილ როსტევანიშვილი ყოფილი პოლიციელია.  "მთავარის" ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ  ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. როსტევანიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თურქეთში გადის მკურნალობას დაჭრილი სერგი ქურთიაშვილიც. 

"მთავარი არხის" ვებგვერდი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება, რასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი