ქეთი ჯავახიშვილი სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას; მიყენებული ჰქონდა 59 ჭრილობა | პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაზე, რომელშიც ბრალდებული ოთარ ცინდელიანია. როგორც საქმის პროკურორმა საამართლო სხდომაზე განაცხადა, ჯავახიშვილი ცინდელიანის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლი იყო.

მისივე თქმით, ჯავახიშვილს 59 ჭრილობა კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

"21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული...

ქეთევან ჯავახიშვილი დედის ნათლული იყო, ნათესაური კავშირი ჰქონდა. ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას, თუმცა, მისი ეშინოდა, რაც ფსიქოლოგთანაც დაფიქსირებული ჰქონდა. ცინდელიანი ჯავახიშვილს ემუქრებოდა, თუკი, ის აღნიშნულის შესახებ იტყოდა ვინმესთან, ის გაამხელდა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა." აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბრალდების მხარემ დეტალურად ისაუბრა მკვლელობის დღეზეც:

"28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი სვანეთიდან ჩამოვიდა, ის მთელი დღის განმავლობაში წერდა ჯავახიშვილს, რომ მისი ნახვა უნდოდა. მიმოწერებიდან ჩანს, როგორ აყენებს შეურაცხყოფას, როგორ მბრძანებლობს, რადგან მას საკუთარი თავი ჯავახიშვილის მესაკუთრედ მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილი მას ეუბნებოდა, გვიანი იყო, ოჯახის წევრები სახლში იყვნენ და ვერ გავიდოდა, ცინდელიანი მას დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას და უთითებდა, რომ მასთან ურთიერთობის დამყარება სურდა. დაახლოებით, 02:30 საათზე, ჯავახიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გამოდის და იქვე, ე.წ. სახერხთან, ჩაღრმავებულ ადგილას ხვდება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანი ბებიასთან მიდის, იბანს და სისხლიან ტანსაცმელს ყრის, შემდეგ კი მამას უკავშირდება და ზუგდიდში მიემართება, საიდანაც სვანეთში გადასვლას ცდილობს. 02:30 საათია მკვლელობის დრო, მთელი დღის გასვლა რატომ დასჭირდა, რომ პოლიციაში გამოცხადებულიყო? ეს არ არის გამოცხადება, ეს არ არის თანამშრომლობა. ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო, მეზობელს ის მამაკაცი ეგონა, მასთან შემდეგ მამა მივიდა, ცხედარი გადმოაბრუნა და მისი დასახიჩრებული შვილი შერჩა. პრაქტიკულად არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ამაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ბრალდების მხარეს ვერ წარმოუდგენია, ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა.

ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკებს სისტემატურად მოიხმარდა",- განაცხადა ვეფხვაძემ. [IPN]

დაცვის მხარის განცხადებით კი, მკვლელობა გენდერის ნიშნით არ ყოფილა ჩადენილი.

შეგახსენებთ, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს.

ბრალდებული ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. დღევანდელ პროცესს ესწრებიან მოკლულის მშობლებიც. სასამართლოს ჩვენებას აძლევს ქეთი ჯავახიშვილის დედა. დღესვე იგეგმება მოკლულის მამის გამოკითხვა. მოკლულის ოჯახი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს. 

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი