"ჯადოსნური საღამო თბილისში... ქართველი ფეხბურთელები გმირებად მიიღეს" - მსოფლიო მედია
თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების დახვედრასა და თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას ეხმაურება.
"ქართველი ფანები საოცარი Euro 2024-ის მერე ფეხბურთელებს მსვლელობით დახვდნენ", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Reuters აქვეყნებს:
"ძალიან გახარებული ათასობით ქართველი გულშემატიკივარი სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა იმისთვის, რომ EURO 2024-ის მთავარ ტურნირზე ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დახვედროდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის მასშტაბით მომაჯადოებელი მატჩები მოიგეს, მათ შორის შოკისმომგვრელი გამარჯვება 2:0 კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, სანამ კვირას, მერვედფინალში ესპანეთთან 4:1 არ დამარცხდნენ", - წერია სტატიაში.
გამოცემა ციტირებს ერთ-ერთ გულშემატკივარს, გიორგი ბენდელიანს, რომელსაც, როგორც სტატიაში წერია, ხელში მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა. "ერი სიხარულითაა სავსე. როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მეც ძალიან მიხარია", - თქვა ბენდელიანმა. სტატიაში ასევე წერია, რომ ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე ღია ავტობუსით მივიდნენ.
"ატმოსფერო თბილისში, სადაც ქართველ ფეხბურთელებს, როგორც გმირებს, ისე ხვდებიან", - ამ სათაურით კი სტატიას ალბანური გამოცემა BoldNews ავრცელებს.
"ჯადოსნური საღამო თბილისში. ევროპის ჩემპიონატზე დადებითი თამაშების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები გმირებად მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები იყვნენ, ქართველებმა ჯგუფის მესამე საუკეთესოდ გასვლა მოახერხეს", - წერია სტატიაში.
ფეხბურთელების დახვედრასთან დაკავშირებით ანალოგიური შინაარსის სტატიას აქვეყნებს გამოცემა The Straight Times-ც.