
ავსტრია კვლავ მხარს უჭერს რუსული გაზსადენის - "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას. ეს მაშინ, როცა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი პროექტის საბოლოო სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვს.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, 15 სექტემბერს ასევე თქვა, რომ არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს ნავალნის მოწამვლასა და გაზსადენის მშენებლობას შორის.
საყურაღებოა, რომ რუსული გაზი ევროპაში უკრაინის გავლით გადის და ქვეყანა ამით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობს.
აქვე შეგახსენებთ, ბელენი შეხვდა უკრაიანის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისაც. ზელენსკი, რომელიც სთხოვს ავსტრიას, რომ მათ უკრაინული პერსპექტივიდან დაინახონ მილსადენის მშენებლობის საკითხი.
ავსტრია მიიჩნევს, რომ მილსადენი მათთვის მისაღები ეკონომიკური პროექტია, რაც ევროპაში რესურსის დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ უკრაინა კი ამბობს, რომ ესმით ავსტრიული პერსპექტივა, თუმცა, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" პირდაპირ კავშირშია უკრაინის ენერგო უსაფრთხოებასთან.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" რუსეთიდან ევროპას მიაწვდის გაზს ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენის მშენებლობისთვის ჯამში 11-მილიარდი დოლარია გამოყოფილი - ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისაა და სხვა ევროპული ქვეყნებისაგან შემდგარი კონსორციუმის მიერ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრები - პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან გაზსადენის მშენებლობას. აშშ-მ კი პროექტს სანქციები დაუწესა.
გერმანია ამ დრომდე "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცველი იყო. თუმცა, ნავალნის მოწამვლის შემდეგ, ანგელა მერკელს მოუწოდებენ, რომ აღარ ითანამშრომლოს მოსკოვთან.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. 2 სექტემბერს კი გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ნავალნის ნოვიჩოკის ნერვული აგენტითაა მოწამლული. სწორედ ამის შემდეგ დასავლეთის ლიდერებმა რუსეთს ახსნა-განმარტებისაკენ მოუწოდეს. პარალელურად კი ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ და აშშ-მ გაზსადენის პროექტის შეწყვეტა მოითხოვა.